"ქართული დემოკრატიის კონსოლიდაცია" - წლები კი არა ათწლეულზე მეტია გვესმის ეს ფრაზა და ამ ხნის განმავლობაში მართლაც გვქონდა განცდა, რომ ქართულ დემოკრატიას რაღაც აკლია. თუმცა, ხან ჩქარი, ხანაც კი ნელი ნაბიჯებით მაინც წინ მივდიოდით. დღეს ეს განცდა თითქმის აღარავის აქვს. მეტიც, შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს, რომ დემოკრატიის ნაცვლად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია.
მთავარი, თუ არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ერთი ადამიანის მხრიდან ქვეყნის ტოტალურ კონტროლს აკავებს, ხელისუფლების გავლენის მიღმა დარჩენილი კრიტიკული მედიაა - ანუ ჩვენ. ჩვენ ვართ რეალურად ის ბოლო ბასტიონი, რომლის აღების შემთხვევაშიც ივანიშვილი საბოლოო მიზანს მიაღწევს, რასაც ქვეყანაში ყველას და ყველაფერის დამორჩილება ჰქვია. სწორედ ამიტომ არის კრიტიკული მედია დღეს დარტყმის მთავარი ობიექტი. აქვე მედიის მიმართ, სრულიად უდროო დროს მომრავლებულ კრიტიკოსთა საყურადღებოდ ანბანური განმარტება: ქართული, და არცერთი ქვეყნის მედია იდეალური არ არის, და ვერც იქნება, მისი განვითარება და მაღალ სტანდარტებთან დაახლოვება, უმნიშვნელოვანესი, თუმცა არა თავისუფლებაზე პრიორიტეტული ამოცანაა. დამოუკიდებელი მედია ნიშნავს - ხელისუფლების კონტროლისა და გავლენებისაგან თავისუფალ ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, და არა საკუთარი შეხედულებების, სარედაქციო პოლიტიკის, თუ დამფუძნებელთა განწყობებისგან 100%-იან სტერილურობას და დედამიწის მიზიდულობის კანონისადმი დაუმორჩილებლობის ილუზიის შექმნას.
დამოუკიდებელი მედიის ფუნქცია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა და კონსტიტუციური, თუ მათივე საარჩევნო ვალდებულებების შესრულების კონტროლია. პროპაგანდას ერთი სახე აქვს, დამოუკიდებელ მედიას მრავალი. შესაბამისად მიზნის მიღწევის პროფესიული სტანდარტი, ეთიკური ნორმები, სტილი და ტემპერამენტიც კი განსხვავებულია და არჩევანს შენ გიტოვებს. აქ მთავარი მრავალფეროვანი არჩევანია და შესაძლებლობა განსხვავებული კუთხიდან დაინახო ნებისმიერი მოვლენა და ფაქტი. თუ რომელ მედიას ირჩევ უფრო ხშირად: მისი კომპეტენციის, სტანდარტების, ესთეტიკის, სტილისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით, შენს ვინაობასა და როგორც ახლა ხშირად ამბობენ - რაობაზეც ისევე მეტყველებს, როგორც იმ მედიის, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხმარ.
კარგად გვახსოვს და გამოგვიცდია: არც წინა ხელისუფლებების დროს იყო ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამორჩილების მცდელობა უცხო. სააკაშვილი სპეცრაზმით ებრძოდა მისი კონტროლის მიღმა მყოფ მედიას, თუმცა, ამაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას მისი ხელისუფლება იღებდა და შესაბამის პოლიტიკურ ფასსაც იხდიდა. ეს დამაზიანებელი იყო დემოკრატიისთვის, მაგრამ, დასავლეთიდან ძლიერი კრიტიკისა და ზეწოლის შედეგად, ნაცმოძრაობის ხელისუფლება იძულებული ხდებოდა მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დღევანდელ შემთხვევაში, ვითარება ბევრად რთული და საშიშია, რადგან ოცნების ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მედიაზე უმეტესად "სხვისი ხელით" ძალადობს. ივანიშვილმა იცის, რომ დასავლეთის უმკაცრეს რეაქციას და მით უმეტეს სანქციებს ქართული ოცნება ვერ გაუმკლავდება. ამიტომაც სხვებს არბევინებს, აცემინებს, ალანძღინებს ჟურნალისტებს, იმისთვის, რომ მედიას შიში და თვითცენზურა გაუჩინოს და ამასთან ეკლესიასთან დაპირისპირება გაამწვავოს. ნებით თუ უნებლიეთ ამ პროცესის ნაწილია საპატრიარქოც, რომელიც ბიძინამ საკუთარი თამაშის ნაწილად და მიზნის მიღწევის საშუალებად აქცია. ზოგიერთებს შესაძლოა გონიათ, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყანაზე სრული და გრძელვადიანი კონტროლის დამყარების შემდეგ, ძალაუფლების ნაწილს საპატრიარქოსაც გადაუნაწილებს. ბიძინა ის კაცი არაა გავლენაში თანამოზიარეებს იტანდეს. პირიქით მოხდება, გრძელვადიან რეპუტაციულ ზიანს რომ თავი დავანებოთ, თუ ივანიშვილი კრიტიკული მედიის დამორჩილებას შეძლებს და საკუთარი ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას მოახდენს, მის ინტერესებში საპატრიარქოსთვის ძალაუფლების გაყოფა ნამდვილად არ იქნება. არ ვიცი ციანიდს სურნელი აქვს, თუ არა, მაგრამ მისი მოქმედების შედეგი საპატრიარქოს კედლებში ჯერ კიდევ არ განელებულა.
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ავტორიტარიზმი სულაც არ არის ცალსახად უარყოფითი მოვლენა და მას დადებითი შედეგებიც შეიძლება ქონდეს, მათ შორის საქართველოსთვის. ავტორიტარიზმის, არადემოკრატიული მმართველობის რბილი ფორმა იყო ლი კუან იუს მმართველობა სინგაპურში. ეს ქვეყანა და მისი მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გახდა მსოფლიოში. დემოკრატიის დეფიციტის ფონზე, მან შეუვალი დამოუკიდებლობის გარანტიები შეუქმნა სასამართლო სისტემას და ინვესტიციებს, რითაც ააყვავა ეკონომიკა. ქემალ ათათურქის შექმნილია თანამედროვე თურქეთის სახელმწიფო და მისი ეკონომიკური მაჩვენებლებიც ათათურქის მემკვიდრეობაა. რაღა შორს წავიდეთ, ძველ თაობას თუ არ ეხსომება, გაგონილი მაინც ექნება სტალინის ინდუსტრიალიზაციის პროგრამა, რამაც საბჭოთა ეკონომიკის არნახული ზრდა განაპირობა. თუმცა, ივანიშვილი არც ლი კუან იუა, არც ათათურქი და მით უმეტეს არც სტალინი. მურუსიძის სასამართლო კი ნამდვილად არ არის ბრიტანელი მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული მსაჯულთა უმაღლესი ორგანო.
ამიტომაც, სრული მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ბიძინას ავტორიტარიზმში ხალხი უკეთ იცხოვრებს. პირიქით, ის ისეთივე პროვინციალური იქნება, როგორც მისი მმართველობის სტილი და ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მოწინავე ადგილებს იკავებენ. ბიძინას ერთმმართველობის მიზანი არ არის კონკრეტული ფორმაციის მშენებლობა, ქვეყნის მოდერნიზაცია თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რადგან ეს შედეგი, შემდგომ ეტაპზე კვლავ დემოკრატიული უფლებების მზარდ მოთხოვნას განაპირობებს. ივანიშვილის ავტორიტარიზმის მთავარი იდეა მასობრივი სიღარიბის ფონზე - მედიის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ბოლომდე ჩაქოლვა თუ არა - მაქსიმალურად დასუსტება და განეიტრალებაა, საბოლოო ჯამში მისი პიროვნული ძალაუფლების გასამტკიცებლად და ჩასაბეტონებლად. რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა კიდევ უფრო გაღარიბდება, რადგან სიღარიბე მისი ძალაუფლების პირამიდის მთავარი და აუცილებელი ატრიბუტია. ამიტომაცაა წულუკიანის მიერ ნასროლი ფრაზა-გამოწვევა - ბიძინას გაუმარჯოს! ივანიშვილის ავტორიტარიზმის მთავარი და ერთადერთი მიზანი: ბიძინას უნდა გაუმარჯოს! ახლა კი დაფიქრდით, არის თუ არა ალალად ამ გამარჯვების შედეგი ისეთივე ნათელი და იმედით სავსე, როგორიც 9 წლის წინ, ძველი მმართველობით თავმობეზრებულ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა.